გიორგი (ჟორა) თავყელიშვილი

წკეპლა მოგცეს, დაიქნიე,
მას გამოჰყვა ტკბილი ჰანგი,
და გაიხსნა მედიდური
მუსიკოსთა მწყობრი თანგი.

წკეპლა ჩემი პატარაა,
გული კი აქვს მაგარია.
კაცის ხელში კარგა იცის
მტყუანი და მართალია.
დავუჯეროთ წკეპლის ქნევას,
ჰანგნი ზეცას გააცილოს.
ერთობა და ერთგულება
მთელ ქვეყანას მოაფინოს!

„წკეპლა“ (სადირიჟორო ჯოხი)
(ტექსტის ავტორი უცნობია)

კომპოზიტორი გიორგი (ჟორა) სამსონის ძე თავყელიშვილი (06.05.1913-10.03.2002)

კომპოზიტორ გიორგი (ჟორა) სამსონის ძე თავყელიშვილის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მშობლიურ მხარესთან – ლიახვისპირეთთან, გორის რაიონის სოფელ შინდისის მახლობლად მდებარე სოფელ კოშკთან (ამიტომაც თავის დროზე საკომპოზიციო კონკურსებში მონაწილეობისას მან აირჩია ფსევდონიმები „კოშკელი“ და „ლიახვისპირელი“). მშობლიური კუთხე მისთვის მუდამ იყო შთაგონების წყარო. მისი შემოქმედება საკმაოდ კარგად იყო ცნობილი თანამედროვეებისათვის. თავის დროზე ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს გიორგი (ჟორა) თავყელიშვილს მოუხდა კონსერვატორიისთვის თავის დანებება და მუშაობის დაწყება. მან 1934 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საფინანსო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა ფინანსისტის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში ის ასევე გამოდიოდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე, სადაც მან ითამაშა პიესაში „სურამის ციხე“, რომელშიც შეასრულა იანიჩარის როლი, და სხვა პიესებში.

მუსიკის სიყვარული მას ბავშვობიდან ჩაენერგა ჯერ კიდევ თბილისის მე-15 შრომის სკოლაში სწავლის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი იგი უნივერსიტეტის მხატვრული თვითმოქმედების ორკესტრში უკრავდა საყვირზე, დირიჟორობდა ორკესტრს. მუსიკის სიყვარული მას თან სდევდა მთელი ცხოვრების მანძილზე. კომპოზიტორი ქმნიდა სიმფონიურ მუსიკას დღევანდელობის და ისტორიულ მოტივებზე, ქართული კლასიკური და საბჭოთა მწერლობის თხზულებების თემებზე: ნიკოლოზ ბარათაშვილის 150-ე იუბილესადმი მიძღვნილი კანტატა „ფიქრი მტკვრის პირას“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), რეკვიემი „თეთრი გედი“ პოეტ შოთა ნიშნიანიძის ტექსტზე (1990). სიმფონიური ორკესტრისათვის შექმნილი „ქართული ვალსი“ („კოსმონავტებს“) შესრულებული და ჩაწერილი იქნა საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრის მიერ (დირიჟორი გ. აზმაიფარაშვილი), და ჩანაწერი გადმოცემული იყო საკავშირო რადიოთი. აღსანიშნავია ასევე კვინტეტი „დარბაისლური“ (1969) და ამავე სახელწოდების სიმფონიური პოემა ორკესტრისათვის (1975). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვინტეტმა (ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის) „დარბაისლური“ შეასრულა საზეიმო სხდომაზე.

კომპოზიტორ გიორგი (ჟორა) თავყელიშვილის შემოქმედებაში წამყვანი ადგილი უკავია პატრიოტულ თემებს: ორატორია „დიდი მოურავი“ (გიორგი სააკაძე), რომელზეც მუშაობა მან დაიწყო ჯერ კიდევ 1963-1964 წლებში და მუშაობას აგრძელებდა მთელი ცხოვრების მანძილზე. სამწუხაროდ, არსებობს მხოლოდ ორატორიის ცალკეული ნაწილები, რადგან სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფობის გამო მან ვერ შეძლო ამ ნაწარმოების დასრულება.

როდესაც 1969 წელს პოეტ-აკადემიკოსს ირაკლი აბაშიძეს 60 წელი შეუსრულდა, იმ საიუბილეო დღეებში საკავშირო და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი ლექსი „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, რომელმაც შთააგონა კომპოზიტორი გიორგი თავყელიშვილი შეექმნა ამავე სახელწოდების ორატორია ოთხ ნაწილად (1970), სადაც იგი სრულფასოვნად იყენებს ქართულ ხალხურ ჰანგებს ისე, რომ არ არის ქართული სიმღერის მთლიანად გამოყენების ცდაც კი, და არცერთ შემთხვევაში არ არის დაშვებული რომელიმე ხალხური სიმღერის მსგავსება-გამეორება, რაშიც მდგომარეობს მისი, როგორც კომპოზიტორის, დამსახურება. ორატორიაში კომპოზიტორი დამაჯერებლად გვიჩვენებს ბრძოლას ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რომელიც მთავრდება სიკეთის გამარჯვებით – ჰიმნით. დასასრულს, ორატორიის კოდაში ნათლად იგრძნობა მსოფლიო ხალხთა გამოღვიძება, ხალხთა შორის მეგობრობის დამყარება. ორატორია ზოგადსაკაცობრიო ხასიათისაა და დედამიწაზე მშვიდობის მღაღადებლად გვევლინება. „ორატორიაში „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“ ნათლად არის გამოსახული ქართველი ხალხის ნაციონალური კოლორიტი; იგი ფრიად ემოციურია; მისი ორკესტრიკა ბრწყინვალედ არის შესრულებული თვით კომპოზიტორ გიორგი თავყელიშვილის მიერ“. (ამონარიდი საკავშირო მუსიკათმცოდნეთა კონკურსის დიპლომანტის ალა ტერკის სტატიიდან.)

ამ ნაწარმოებების გარდა კომპოზიტორს კიდევ აქვს სხვადასხვა თემაზე შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, მათ შორის მრავლად არის ლირიული ქალაქური და სატრფიალო, პატრიოტული და საბავშვო სიმღერები. აღსანიშნავია ასევე მისი „მშვიდობის მარში“ სასულე ორკესტრისათვის (1987), „საუკუნეთა ეპოპეა – ბასკეთის ქვეყნისათვის“ (1975) ბასკების ყოფა-ცხოვრების ამსახველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის „ბასკების ქვეყანაში“ (ფილმის დირექტორი – ვ. პ. მარგიანი, დამდგმელი რეჟისორი – გ. ი. ასათიანი), ვ. ი. ლენინისადმი მიძღვნილი კანტატა „კაცობრიობის გვირგვინი“ ფორტეპიანოსა და ოთხხმიანი გუნდისათვის (1969) პოეტ კალე ბობოხიძის ტექსტზე (ადგილს ქალაქ ულიანოვსკში, სადაც დაიბადა ლენინი, უწოდებენ „გვირგვინს“).

გიორგი (ჟორა) თავყელიშვილი. „ქართული ვალსი“ („კოსმონავტებს“). სიმფონიური ორკესტრი, რადიო სსრკ, მოსკოვი, 08.01.1964
კომპოზიტორ გიორგი (ჟორა) თავყელიშვილის ნაწარმოებები
„ქართული ვალსი“ („კოსმონავტებს“)1962
ნოქტიურნი, კომპოზიტორი თ. შავერზაშვილი, კვინტეტი, საორკესტროდ გადაღება1968
„ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, ორატორია, ტექსტის ავტორი პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე1975
„დიდი მოურავი“ (გიორგი სააკაძე), ორატორიადაწყების თარიღი 1963 (დაუსრულებელი)
„დები“ (დები იაშვილები) – პიესა სამი ვიოლინოსთვის24.10.1967
„აღიარება“ – კვარტეტი ვალტორნებისათვის14.12.1967
„საყვარელი ჰანგი“, სიმღერა, ტექსტი ბ. ვაშაძისა14.01.1968
„ფიქრი მტკვრის პირას“, კანტატა დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის, მიძღვნილი ნიკოლოზ ბარათაშვილის 150-ე იუბილესადმი28.02.1968
თ. შავერზაშვილი, დივერტისმენტი, კვინტეტი, საორკესტროდ გადაღება1968
„კაცობრიობის გვირგვინი“, ტექსტი პოეტ კალე ბობოხიძისა, კანტატა ფორტეპიანოსა და ოთხხმიანი გუნდისათვის1969
„დარბაისლური“, კვინტეტი1969
„ნაძვის ხე“, ბავშვთა დუეტი, ტექსტი დ. გაბელაიასი07.12.1970
„მშვენიერია“, კანტატა1971
„მგალობელის ხსოვნა“, კვინტეტი ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის26.03.1972
ნოქტიურნი, სასულე ორკესტრისათვის15.04.1972
კვინტეტი №115.04.1972
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, დივერტისმენტი №5, კვინტეტი ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის, საორკესტროდ გადაღება23.04.1972
„მშვენიერია“, სიმღერა1972; 1986
„ახალგაზრდული“, კვინტეტი12.05.1972
„საუკუნეთა ეპოპეა – ბასკეთის ქვეყნისათვის“1975
„დარბაისლური“, სიმფონიური პოემა1975
„მოსკოვი“, ტექსტი პოეტ ხუტა ბერულავასი15.08.1977
„მშვიდობის მარში“ დიდი სასულე ორკესტრისათვის01.07.1987
„თეთრი გედი“, რეკვიემი, ტექსტი პოეტ შოთა ნიშნიანიძისა11.02.1990
„სიმღერა გოგონაზე“ („აღიარება“)დაუთარიღებელი
„ახალგაზრდული“, სიმღერადაუთარიღებელი
„საქართველო თავმოყვარე ფერხულშია მშვიდობის“, სიმღერადაუთარიღებელი
„რა ლამაზი ხარ, ჩემო სამშობლოვ!“ სიმღერადაუთარიღებელი
„თავს არავის უყადრებ“, სიმღერადაუთარიღებელი
„საჭიდაო“, მუსიკა სულხან ცინცაძისა, საორკესტროდ გადაღება სასულე ინსტრუმენტებისათვისდაუთარიღებელი
„მახსოვს პირველად“, ვალსიდაუთარიღებელი
„გაცინება“, კანტატადაუთარიღებელი
„ეს მანდილი ვისია?“ სიმღერადაუთარიღებელი
„მოიცადე“, საფორტეპიანო პიესადაუთარიღებელი
„არღნული“, საფორტეპიანო პიესადაუთარიღებელი
ანდანტე, ფორტეპიანოსთვისდაუთარიღებელი
„სიყვარული ძნელია“, სიმღერადაუთარიღებელი
„ვინც ამ გოგოს გააცინებს“, ტექსტი პოეტ მორის ფოცხიშვილისა, სიმღერადაუთარიღებელი
„შვილო, სამშობლო გეძახის!“ სიმღერადაუთარიღებელი
იოჰან სებასტიან ბახი, მენუეტი, საორკესტროდ გადაღებადაუთარიღებელი
იოჰან სებასტიან ბახი, კანტატა № 21, არია „იდინეთ, ცრემლებო…“, საორკესტროდ გადაღება სასულე ინსტრუმენტებისათვისდაუთარიღებელი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოების საორკესტროდ გადაღება სასულე ინსტრუმენტისათვისდაუთარიღებელი
„ამ სიმღერის მიზანია ზრდა ჩვენი დემოგრაფიული…“, სიმღერადაუთარიღებელი
„საქართველოს!“ ვალსიდაუთარიღებელი
„მხედრული“ მარშიდაუთარიღებელი

კომპოზიტორ გიორგი (ჟორა) თავყელიშვილს გააჩნდა სპეციალობით (ფინანსები, ეკონომიკა) მუშაობის მდიდარი გამოცდილება. შრომითი საქმიანობის ადრეულ ეტაპზე იგი მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, საიდანაც წამოვიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 1950-1980-იან წლებში მისი შრომითი ბიოგრაფია მოიცავდა შემდეგს: თბილისის „ქალაქპროექტის“ მთავარი ეკონომისტი; საპასუხისმგებლო თანამდებობა კომბინატ „საქნახშირში“; შესაბამის სამთავრობო უწყებაში საავტომობილო ტრანსპორტის სექტორის კურირება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავტომეურნეობებში შრომისა და ხელფასის ორგანიზება; დაგეგმვა, აღრიცხვა და ანგარიშგება, და სხვ.; დირექტორის მოადგილე ფეხსაცმლის ქარხანა „ისანში“; საპასუხისმგებლო თანამდებობა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადებიის პრეზიდიუმის საქმეთა მმართველობაში; პენსიაზე გასვლამდე, მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის საქტორის დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილში.

კომპოზიტორი გიორგი თავყელიშვილი იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პენსიონერი, ხოლო 2001 წლის 16 იანვრიდან – ასევე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პენსიონერი. გარდაიცვალა 2002 წლის 10 მატრს.

მუსიკისადმი სიყვარული კომპოზიტორმა გიორგი თავყელიშვილმა მთელი ცხოვრება გულში ატარა. მიუხედავად საპასუხისმგებლო თანამდებობებისა, იგი ყოველთვის ნახულობდა დროს შემოქმედებისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მუსიკის ერთგული დარჩა. აი რას წერს კომპოზიტორის მუსიკის ერთერთი თაყვანისმცემელი მისთვის მიძღვნილ ლექსში: „შენმა მუსიკამ ცრემლები მადინა იცი რამდენი, რომ ნაკადულად იქცევა სალ კლდიდან ჩამონადენი. ეს ცრემლი სიხარულია და გულში გაიყვავილებს, დადგება დრო და ქალ-ვაჟნი მოგთავაზებენ ყვავილებს!“.